понедельник, 11 ноября 2013 г.

სოფელ ქობულეთის ქვის ხანის ნამოსახლარი

        ახლანდელი ქობულეთის რაიონის ტერიტორია ეკონომიკურად მძლავრი და მაღალი კულტურის მქონე კოლხეთის სამეფოში შემავალი პროვინცია იყო.   ქობულითის ეკონომიკურ  სიმძლავრეზე და  კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს რაიონის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები, კერძოდ, სოფელ ხუცუბანში, სოფელ ქობულეთში, ჯიხანჯურში, ლეღვაში, ფიჭვნარში და ჩოლოქის მიდამოებში აღმოჩენილი უძველესი ხანის სადგომები. რკინის სადნობი ქურები, თავის დროზე დიდი სამეურნეო და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პეტრას ციხე, ქვისთაღოვანი ხიდები და სხვა მრავალი. 

        ცნობილია, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ქვის ხანის ძეგლები ძირი-თადად ქობულეთის რაიონის ტერიტორიაზეა განლაგებული (ხუცუბანი, კვირიკე, ჯიხანჯური, ჩოლოქი, სახალვაშო), მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის ქობულეთის ნამოსახლარს ენიჭება. აქ მხედველობაში გვაქვს ორი ძირითადი მომენტი: ჯერ ერთი, ახლად მოპოვებულ მასალებთან (6824 ერთეული) ერთად მთელი ინვენტარი უკვე 15012 ერთეულს შეადგენს; მეორე, როგორც ვთქვით, გამოვლენილი მასალის უდიდესი ნაწილი უძრავი კულტურული ფენიდან მომდინარეობს და ეს ფაქტი უფრო ზრდის მის მეცნიერულ ღირებულებას.
        

        ქობულეთის ნამოსახლარზე 1980 . წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იარაღ-ხელსაწყოები და წარმოების ნაშთები: კაჭრები, ნუკლეუსები, ანატკეცები, ყველა სახის ლემელები, საჭრისები, საფხეკები, სახვრეტები, პირდაკბილული-ხერხისებრი იარაღები, შურდულის ქვები და სხვა. წარმოების ნარჩენების სიმრავლე (ათასობით კაჟისა და ობსიდიანის ანამტრევ-ანატკეცები) კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იარაღთა როგორც პირველადი, ისე მეორადი დამუშავება უმთავრესად ნამოსახლარზე მიმდინარეობდა. იარაღთა დასამზადებელ ძირითად ნედლეულს კაჟი და ობსიდიანი შეადგენდა. ჩანს, რომ იქაური მკვიდრი კაჟსა და ობსიდიანს (იგი შემოჰქონდათ) არაეკონომიურად იყენებდა, რაც ამ ნედლეულის ადვილად მოპოვებაზე უნდა მეტყველებდეს
.



Комментариев нет:

Отправить комментарий