понедельник, 11 ноября 2013 г.

ფიჭვნარის ნაქალაქარი

         უკვე სამი ათეული წელია, რაც ფიჭვნარის ნაქალაქარისა და ვრცელი სამაროვნების ტერიტორიაზე მიმდინარეობს თანმიმდევრული და სისტემატიური გათხრები. ინტერესი ძალიან დიდია იმ საიდუმლოებებისადმი, რასაც კოლხეთის ეს მადლიანი, ძირძველი მიწა ინახავს.

         მეცნიერებამ დიდხანს არაფერი იცოდა ქართველი ხალხის ამ ერთ-ერთი საგანძურის შესახებ. ფიჭვნარის ერთ-ერთი მცხოვრებლის (ვერულიძის) საკარმიდამო ნაკვეთზე 1948 წელს შემთხვევით აღმოჩნდა უძველესი ფულების, მონეტების დიდი განძი. დამსწრეთა ჩვენებით მისი წონა 6-8 კგ იქნებოდა. უძველესი მონეტები შესანიშნავად იყო დაცული, ამიტომაც მოსახლეობამ იგი ძვირფას ლითონად - პლატინად მიიჩნია და განძის დიდი ნაწილი გაიფანტა მოსახლეობაში. მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა შეგროვებული შემდეგ წლებში. 1948 წლის განძში წარმოდგენილი იყო ჩვ. ერამდე IV საუკუნის შუა წლებით დათარიღებული უძველესი ქართული ფულები, კოლხურები და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანზიტო ცენტრ სინოპეში მოჭრილი ვერცხლის მონეტები. ეს იყო ქართული და უცხოური მონეტების ერთად აღმოჩენის პირველი შემთხვევა საქართველოში. მაშინვე გაჩნდა ინტერესი ამ მონაპოვრებისადმი. დაიწერა არა ერთი ნაშრომი. ფიჭვნარისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა 1952 წლის აღმოჩენებმა. მაშინ ამ ადგილებში ჩაის პლანტაციის გაშენების მიზნით გაკეთდა ღრმა პლანტაჟი სილნარ გრუნტში. ერთ-ერთი კვალის გავლების დროს ამოვარდა პატარა ზომის ბრინჯაოს შესანიშნავი ჭურჭელი. ეს უკვე მეორედ გახსნა ფიჭვნარის მადლიანმა მიწამ გული... ბრინჯაოს სურაში აღმოჩნდა კიდევ ერთი განძი. მასში შედიოდა 290-ზე მეტი კოლხური თეთრი, მკრთალი ოქროსაგან დამზადებული ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი სხივანა საყურეები და მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ კიზიკოსზე მოჭრილი მონეტა. ეს განძი 1948 წლის მონეტებზე უფრო ძველია, დაახლოებით ერთი საუკუნით და ჩვენს ერამდე V საუკუნით თარიღდება. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში პირველად აღმოჩნდა უცხოური მონეტა ქიზიკინი. საქმე იმაშია, რომ ეს კუნძული ჭრიდა საერთაშორისო მიმოქცევაში მყოფ ე.წ ინტერლოკალურ მონეტებს.

         XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე ფიჭვნარის ნაქალაქარზე სისტემატიურად ტარდებს არქეოლოგიური სამუშაოები. სიახლეებით ივსება ინფორმაცია ქალაქის წარსული შესახებ, მაგრამ საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2010-2011 წლებში გადაწყვიტა ქალაქის ტურისტული ზონის გაფართოება სწორედ ფიჭვნარი ნაქალაქარის ხარჯზე, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ეს არქეოლოგიური ძეგლი. ხალხისა და აჭარის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ძალისხმევით მშენებლობის პროცესი შეჩერდა. საზოგადოება იმედით მოელის მომავალში ამ მნიშვნელოვანი ისტორიული კერის შესწავლას.

Комментариев нет:

Отправить комментарий