პეტრა-ციხისძირი
ციხისძირში ზღვის სანაპიროსთან ამაღლებულ ბორცვზე ყურადღებას იქცევს ციხე-ქალაქი პეტრას ნანგრევები, პეტრა ჩვენი ისტორიული დიდების ნგრეული ნაშთია. მან ხომ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება, იგი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ისტორიკოსთა და არქეოლოგთა ყურადღების ცენტრშია.
პირველი არქეოლოგიური დაზვერვა განხორციელდა 1934 წელს აკადემიკოს ჯანაშიას მიერ, მეორე 1953 წელს პირველი ქართველი არქეოლოგი ქალის ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1962-66 წლებში პეტრას აკროპოლისის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქ. ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. არქეოლოგთა კვლევა ძიება განახლდა 1983-87 წლებში, შიდა ციხის ჩრდილოეტით მდებარე დაბლობზე მცირე სამუშაოები ჩატარდა შიდაციხეშიც.
პეტრა ბერძნულად კლდეს ნიშნავს და დაარსებულია ბიზანტიელების მიერ მე-6 საუკუნეში, იგი წარმოადგენდა ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ-სტრატეგიულ-პოლიტიკურ ცენტრს, აკადემიკოსი ს.ჯანაშია წერდა: „პეტრამ იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში დიდი როლი ითამაშა რამდენადმე სგავსი თბილისის როლისა აღმოსავლეთ საქართველოში.“
ქ. პეტრას შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვება ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში. პირველად იგი 535 წლით დათარიღებული იუსტინიანე კეისრის ბიზანტიის იმპერატორი 527-565 წწ. ნოველაში იხსენება: „ შემდეგ მდებარეობს ჩვენი ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა, რომელსაც ჩვენთაგანთი ხვდა წილად ქალაქი გამხდარიყო და რომელსაც მიენიჭა ჩვენი უზენაესი სახელიც და ეწეოდა იუსტინიანე“.
შედარებით ვრცელი ცნობები ამ ქალაქის შესახებ მოიპოვება ბიზანიული ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის თხზულებებში რომლის ცნობით: „პეტრა ზღვისპირა ქალაქის, კოლხეთში ე.წ. „ევქსინის პონტოსთან „(შავი ზღვა) მდებარეობდა. ის უმნიშვნელო იყო წინათ, ხოლო იუსტინიანე მეფემ გარე ზღუდისა და სხვა მონაშენების საშუალებით გაამაგრა და ყოველმხრივ გაამშვენიერა კიდეც.“
პროკოფი კესარიელის ცნობასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ რომ პეტრას ციხის მიდამოები უძველესი ეპოქიდან იყო დასახლებული. ამის ნათელი დადასტურებაა კოლხური ბრინჯაოს ცულების, თოხების, წალდებისა და სხვა რკინის სადნობი, უძველესი ქურა-სახელოსნოები. ქალაქის ტერიტორიაზე შესწავლილია ძვ. წ. პირველი ათასწლეულის ნამოსახლარი, ბიზანტიელებმა კოლხური დასახელება მხოლოდ გააფართოვეს და გაამაგრეს.
ციხე დიდი იყო მასში შეიძლებოდა სამი ათასი მეომარი დატეულიყო, სამხედრო სიმაგრეებს გარდა ზღუდის შიგნით ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობებიც იყო. შიდა ციხე განლაგებული ყოფილა ორ ბორცვზე. ჩრდილოეთით მდებარე ბორცვზე აგებულია მთავარი საფორტიფიკაციო ნაგებობანი, სამხრეთისაზე კი - დამხმარე, ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ქონგურებითა და კოშკებით. ქალაქს ჰქონდა კარგად გამაგრებული შესასვლელი-ჩამოსაშვები კარიბჭე, რომელსაც ორივე მხარეს იცავდა სათვალთვალო კოშკებით. ციხე-ქალაქში შედიოდა სამი წყება თიხის მილები, რომლებითაც ქალაქი წყლით მარაგდებოდა.
პეტრა-ციხიშძირში იჯდა ბიზანტიელთა ჯარის სტრატეგოსი იოანე, რომელმაც ვაჭრობის მონოპოლიითა და ხალხის ძარცვა-რბევით ლაზთა ყველა საქმე გაამრუდა და არივ-დარია. ამიტომაც ეგრისის მეფემ გუმბაზმა გადაწყვიტა ზურგი ექცია ბიზანტიელებისათვის და მოკავშირეობა სპარსეთის შახისათვის ეთხოვა. 542 წელს დაიწყო 20 წლიანი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის ამ ბრძოლების ძირითადი ასპარეზი სწორედ საგულდაგულოდ გამაგრებული ციხე-ქალაქი პეტრა იყო. ირანი ვერ ახერხებდა ციხის იერიშით აღებას და მიმართა ეშმაკობას, როგორც წერილობითი წყაროები მოგვითხრობს ირანელებმა ვერ შეანგრიეს ვერავითარი მანქანებით ციხის ზღუდე და გადაწყვიტეს გვირაბი გაეყვანათ ერთ-ერთი კოშკის ქვეშ, იქიდან გამოაგდეს მრავალი ქვა და შეშა ჩააწყვეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს, ალი რომ თანდათან ზევით იწევდა ქვების ძალა შეარყია , მთელი კოშკი შეანძრია და უეცრად ძირს დაანარცხა. ამის შემდეგ შეიჭრნენ სპარსელები პეტრაში და ქალაქი ააოხრეს, ეს მოხდა ომის პირველ 542 წელს.
მართალია პირველ ხანებში სპარსელებმა მოახერხეს ციხე-ქალაქის აღება, მაგრამ მალე აშკარა გახდა რომ მათ სურდათ საზღვაო კარის ხელში ჩაგდება, მეფე გუბაზის მოკვლა, ეგრისელების აყრა-გადასხლება. ლაზები აუჯანყდნენ სპარსელებს და აღადგინეს ურთიერთობა ბიზანტიის კეისართან, რომლის სასარგებლოდაც დამთავრდა 20 წლიანი ომი 562 წელს.
551 წელს რომაელებმა დაანგრიეს პეტრა, მაგრამ მას მიუხედავად ამისა არ დაუკარგავს თავისი სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო მნიშვნელობა, თავისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო რამე თუ იგი საქარავნო გზების შესაყართან იდგა.
ადრეფეოდალურ ხანაში პეტრა მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ცენტრი ყოფილა, მე-7-9 საუკუნით დათარიღებული ბიზანტიურ-საეკლესიო კათედრათა წესებში პეტრა დასახელებულია ლაზიკის ეპარქიაში შემავალი ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრის ცენტრად. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გათხრილი ბაზილიკა. ბაზილიკა სამწვიანია (სამთავიანი) , იგი რაღაც უფრო ადრეული ნაგებობების (ეკლესიის) ნანგრევებზე აუგიათ, მოგვიანებით სამწვიანი ბაზილიკის ადგილას მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია აუშენებიათ, რომელიც შემდგომ ოსმალების მეჩეთად გადაუკეთებიათ, აღმოსავლეთის კარებთან გაიწმინდა კედელში ჩაშენებული ბოლნური ჯვარი, რომელიც თურქთა ბატონობის ხანაში კირნარით დაუფარავთ. უნდა აღინიშნოს, რომ 1985 წლის შიდაციხის ჩრდილოეთით მდებარე ზღვისპირა დაბლობზე აღმოჩნდა მე-5 საუკუნის სამწვიანი ბაზილიკის ნანგრევი. კაპიტელებით შემკული საყრდენი სვეტები ჰქონია ამ ბაზილიკის გათხრების დროს აღმოჩნდა მარმარილოს სვეტები და მოზაიკის ფრაგმენტები.
შიდაციხის ტერიტორიაზე სამწავიანი ბაზილიკის ახლოს, აღმოჩნდა ქალაქის აბანოს ნაშთი. იგი რომაული ტიპისაა და შედგება ხუთი განყოფილებისაგან. პირველში მოთავსებული იყო საქვაბე, მეორეში - ცხელი აბაზანა, მესამეში - გრილი აბაზანა, მეოთხეში - ცივი, ხოლო მეხუთე განყოფილება წარმოადგენდა მოსაცდელს. მეორე ასეთივე აბანო ოღონდ გაცილებით დიდი ზომისაა, შესწავლილი იქნა არქეოლოგების მიერ 1989 წელს შიდა ციხის ჩრდილოეთით მდებარე დაბლობზე. იქვე ამ აბანოს მახლობლად, მიკვლეული იქნა ნაგებობის საძირკველი, რომლის გეგმაც ანალოგიურია უკანასკნელი აბანოს, ოღონდ უფრო ადრეულის.
მართალია ბიზანტიელთა ძლევამოსილებას აღსასრულთან ერთად ჩაესვენა პეტრას ბრწყინვალებაც, მაგრამ მას სტრატეგიული მნიშვნელობა არც შემდგომ ეპოქაში დაუკარგავს, ფეოდალურ საქართველოს პეტრა გამოყენებული ჰქონდა როგორც სიმაგრე და მის მნიშვნელობას იმდროინდელი თვალსაზრისით ნათლად გამოთქვამს ციხის ქართული სახელწოდება „ქაჯეთის ციხე“. ციხე როგორც ადრე მიუვალი იყო და მისი ნახვით განცვიფრებული ვახუშტი ბატონიშვილი პეტრას შემდეგი სიტყვებით აგვიწერს: „ზღვის კიდეს არის ციხე: ქაჯეთისა, მაგარი, მაღალ კლდესა ზედაშენი, აქუს გვირაბი-კლდე გამოკვეთილი გზად.“
VIII საუკუნის 20-იან წლებში ქაჯეთის ციხე ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერადაც გაამაგრეს. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მტრისათვის, რადგან ის კეტავდა გზას ბათუმისაკენ, ეს იქედანაც ჩანს, რომ თურქებს პეტრაში ედგათ 25 ზარბაზანი, მაშინ როცა ბათუმში ჰქონდათ ხუთი.
1977-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს პეტრა ისევ იქცა ბრძოლის არენად, მასში გამაგრებული იყო მტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან თუ ქაჯეთის ციხეს რუსეთის არმია აიღებდა, მაშინ მათ გზა ხსნილი ჰქონდათ ბათუმისაკენ. ქობულეთის რაზმმა ოთხჯერ მიიტანა იერიში, მაგრამ ამაოდ. ჩვენმა არმიამ თითქმის მთელი აჭარა გაათავისუფლა ბათუმის გარდა, მაგრამ პეტრა ისევ აუღებელი იყო და ის საქართველოს ბერლინის ტრაქტატით დაუბრუნდა.
1978 წელს პეტრას დიდება საბოლოოდ ჩაესვენა. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება მისი ნგრევა. 1983 წელს გაიყვანეს ბათუმ-სამტრედიის რკინიგზის ხაზი, რამაც ციხის ნგრევა გამოიწვია, აფეთქებით ჩამოინგრა პეტრას დასავლეთი კედელი. 1984 წელს ბათუმის პორტის აშენების მიზნით, პეტრასთან ახლოს გამართეს კარიერი, რამაც მოარყია ციხის კედელი. მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა ინჟინრებმა თავი არ დაანებეს კარიერის გაფართოებას და ნაწილობრივ სანამ არ ჩამოანგრიეს ციხის კედლები, მანამ არ შეწყვიტეს კარიერის მუშაობა.
კარიერის დახურვის შემდეგ რუსმა და უცხოელმა ოფიცრებმა დაიწყეს შავი ზღვის ნაპირზე აგარაკების მშენებლობა. აგარაკის აშენებისათვის არღვევდნენ პეტრას ციხის კედლებს და ქვებს იყენებდნენ სამშენებლო მასალად. ციხის ტერიტორიაზე აგარაკის მშენებლობის დროს მშენებლები პოულობდნენ არქეოლოგიურ ნივთებს. 1907 წელს შემთხვევით ერმიტაჟში მოხდა აგარაკის მშენებლობის დროს ნანახი III საუკუნის წარჩინებული პირის სამარხეული ინვენტარი. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ციხისძირის განძი ეწოდება. ოქროს შესანიშნავი გეგმა (ფარაკიანი ბეჭედი), იმპერატორის პორტრეტული გამოსახულებით ოქროს ძეწვი, ფირფიტები, ბეჭდები, საყურეები, გულსაკიდები, მძივები და მონეტები.
აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ ვერ იხსნა პეტრა ნგრევისაგან. 30-იანი წლების დასაწყისში ძეგლის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე ლიმონარიუმის მშენებლობამ დააზიანა არა მარტო კულტურული ფენები, არამედ ლიმონარიუმის ტერასების საძირკველბისათვის გამოსაყენებლად აფეთქებული იქნა ციხის დარჩენილი კედლები.
ამრიგად, ის რაც საუკუნეების ნგრევას გადაურჩა, დაზიანდა ამ ბოლო ხანებში, რას წარმოადგენს დღეს პეტრას ციხე-ქალაქი: ძველი დიდების ნგრეული ნაშთი? ქალაქის ნანგრევი წარმოადგენს შიდაციხის ნაშთებს, რომელსაც უკავია ტერიტორია, რომლის სიგრძეა 200 მეტრი, ხოლო სიგანეა 100 მეტრი, ციხის კედლებიდან გადარჩენილია ნაწილობრივ ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მორღვეულია და მხოლოდ აქა-იქ ჩანს საძირკველბი. ზღვაში ყრია დასავლეთი კედლის უზარმაზარი ნაწილები. აბანოს კომპლექსის არსებობას მხოლოდ პროფესიონალის თვალი შეამჩნევს, ბაზილიკის კედლები ჩამოქცეულია. ის რაც გადარჩა დაფარულია სუროებითა და ბალახებით.
მდუმარედ დგას ზღვის პირად პეტრას ციხე - ძველი, დიდებული ისტორიის ნგრეული ნაშთი და მშველელად გვიხმობს ყველას.
Комментариев нет:
Отправить комментарий