თოფან მელაძე
ქორეოგრაფებსა და ცნობილ მოცეკვავეებს რომ შევეკითხოთ, თუ ვის შეიძლება ცეკვა ''განდაგანას'' შემსრულებელთა შორის მიეკუთვონოს პირველობა, ისინი მაშინვე უყოყმანოდ დაასახელებნ ამ ცეკვის სამ შესანიშნავ ქობულეთელ შემსრულებელს: თეიმურაზ (თოფან) მელაძეს, ფატმა კობალაძეს და თოფუზ გაბაიძეს.
თოფან მელაძის დიდმა საშემსრულებლო ოსტატობამ და შემოქმედებითმა ნიჭმა დიდად დააინტერესა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი ილიკო სუხიშვილი, რომელმაც ნახა რა თოფან მელაძის მიერ შესრულებული ''განდაგანა'', 1950 წელს მას საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში გადასვლა შესთავაზა, რაზედაც თოფანმა თანხმობა განაცხადა და გახდა ამ სახელოვანი ანსამბლის ერთ-ერთი აქტიური წევრი.
1953 წელს საპირველმაისო დღესასწაულზე ქობულეთელმა მშრომელებმა პირველად იხილეს თოფან მელაძის მიერ დადგმული ცეკვა ''განდაგანა'', რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
თოფან მელაძე იხსენებს: ''ჩემს მეხსიერებას საბოლოოდ შემორჩა ის საღამო, როდესაც შესაძლებლობა მომეცა პირველად დავსწრებოდი თეატრალურ წარმოდგენას, სწორედ მას შემდეგ შევიყვარე მთელი გულითა და მთეკი არსებით ხელოვნების აღნიშნული სახე. ჩემი დიდი ოცნება გახლდათ გავმხდარიყავი მსახიობი. სკოლაში სწავლის პერიოდში სისტემატიურად ვღებულობდი მონაწილეობას მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების წრეში.
დავამთავრე რა ხულოს პედაგოგიური სასწავლებელი, 1937 წლიდან მუშაობა დავიწყე თეატრში, სადაც 13 წელიწადი გავატარე, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ჩემი მთავარი მოწოდება მაინც ცეკვა ყოფილა და საბოლოოდ მაინც სწორედ ცეკვას მივუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი უნარი და შესაძლებლობა...'' თოფან მელაძემ ბევრი შესანიშნავი ქორეოგრაფი აღუზარდა ქობულეთის რაიონს. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ ვასაძეების ოჯახის წევრები, თემურ თხილაიშვილი და სხვები, რომლებიც თოფანის აშკარა მიმბაძველები და მისი დაწყებული საქმის დიდებული გამგრძელებლები არიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий