понедельник, 11 ноября 2013 г.

ქობულეთის მოამაგენი - გულო-აღა კაიკაციშვილი

   გულო-აღა კაიკაციშვილი 

        ახლა საქართველოში ბევრია მეტად ცნობილი და წარმოჩენილი გვარი. თითოეული გვარის ნაშიერთ თავისებური ღრმა ხნული აქვთ გავლებული და მარად დაუვიწყარი წილი აქვთ ჩადებული ჩვენი ქვეყნის - საქართველოს ძირძველ და მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ზოგიერთთა მიერ გაღებული წილი ნაღდად რომ მამულიშვილურია და, ამდენადვე, მეტად საამაყოც. 

        ასეთი ადამიანი ქობულეთის ისტორიაში მრავალია, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია გულო კაიკაციშვილი. ის იყო პატრიოტი და გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი თავისი ვაჟკაცობით და ქართული სულისკვეთებით.

        გულო კაიკაციშვილი დაიბადა 1840 წელს. მაშინ როცა აჭარა დაუბრუნდა საქართველოს, გულო უკვე 38 წლის, ჩამოყალიბებული, პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მამულიშვილი იყო, ქართულ ენასთან ერთად ფლობდა ქართულ დამწერლობასაც, რომელიც როგორც თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, ბებიასაგან შეისწავლა : ,,ძიავ ქართველო მეგაზეთევ! მე მინდა ძიავ შეგატყობინო ჩვენი ქობულეთის ამბავი, მარა ქართული პაწაის მეტი არ ვიცი და იგიცა ბებიამ მასწავლა, ქობულეთის საქმე გლახათ არის : ხალხი არეულია, დიდი და პაწაი იარაღით დგანან, სამართალი არა გვაქვს, არცგვაძლევს ვინმე, არ ვიცით რა ვქნათ. წერა არ ვიცით, არც კითხვა, სკოლა არ არის, გზა არა გვაქვს, ხელობა არ ვიცით არც ვინმე გვასწავლის, მარტო სიმინდისა და ღომის მუშაობა დაგვირჩა ხელში, ჩვენმა ახალგაზრდა ბიჭებმა ვერაფერი ქნეს. ასე შეწუხებული ვართ. გეხვეწები, ძიავ, აგი სიტყვა კარგად გააკეთე და შენს გაზეთში ჩასწერე“.

        და მართლაც მაშინ ქობულეთში დიდი დაძაბულობა სუფევდა, რასაც ეკონომიკური სიდუხჭირე და სამხედრო ვალმოხდილი ბიჭების ხელახლად ჯარში გაწვევა იყო.

        გაზეთი ,,ივერია“ ქობულეთის შემდგომ აღწერილობას გვაძლევს: ,,ჩურუქ-სუ''ვინც დააკვირდება ამ ადგილის სახელწოდებას, ის ნათლად დაინახავს, რომ ეს ადგილი ჭაობებით უნდა იყოს სავსე.

        ჩურუქ-სუ პატარა დაბაა, რკინიგზის სადგურიდან ჩრდილოეთით ძევს ამ პატარა დაბას თავისი შესაფერისი ვაჭრობაცა აქვს. ვაჭრობა გურულების და ადგილობრივი მაჰმადიანი ქართველების ხელშია. არიან შიგადაშიგ ბერძნებიც, რომლებსაც ვერც სახით, ვერც ლაპარაკით, ვერც ჩაცმა-დახურვით ვერ გამოარჩევთ ადგილობრივი ქართველი მაჰმადიანებისგან. აქაურ მკვიდრთა შორის თვალსაჩინო გავლენიან პირებად ითვლებიან: გულო აღა კაიკაციშვილი, დედე აღა ნიჟარაძე, ასლან-ბეგ თავდგირიძე და სხვები.

        დედე აღა ნიჟარაძე და გულო აღა კაიკაციშვილი მთელ ბათუმის მაზრაში სამაგალითონი არიან იმითი, რომ ამათ თავიანთი შვილები თბილისის თავად-აზნაურობის სასწავლებელში მიაბარეს და მით დაგვიახლოვდნენ უფრო მჭიდროდ, ვიდრე სხვები.

        ... აქაურმა სოფლებმა: ალამბარმა, სამებამ, პატარა ქობულეთმა და ჩურუქ-სუმ განჩინება შეადგინეს და მიმართეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ მან მიიღო ეს სკოლა თვისის მფარველობის ქვეშ. სასკოლო სახლს იძლევა დაბა ჩურუქ-სუში აქაური ბეგი ასლან თავდგირიძე, სახლი გვარიანია, ეზო დიდი აქვს სკოლას ცოტა შეკეთება უნდა. 15-16 თუმანზე ზევით არ გამოართმევს ბეგი ქირას ,,საზოგადოებას’’ , თუ მისი სახლი იქირავეს“. გულო კაიკაციშვილის პატრიოტული წერილები სისტემატიურად იბეჭდებოდა ,,დროებაში’’, ,,ივერიასა’’ და ,,ცნობის ფურცელში“. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ფსევდონიმებით: გ. ქაქაც-ოღლი, გულო აღა კაიკაციშვილი, გულო კაიკაციშვილი, ახმედ აღა კაიკაციშვილი და ახმედ კაიკაციშვილი. მისი ყველა წერილი განმსჭვალული იყო სამშობლოს უანგარო სიყვარულითა და ამიტომაც ამ თვით განათლებულ კაცს ყველა საქმე, მიმართული სამშობლოს აღორძინებისაკენ, კარგად გამოსდიოდა და ისტორიას შემორჩა იგი, როგორც სიკეთის მთესველი.

        საზოგადოდ ქობულეთის ხალხი შესანიშნავი გულოვანი, ლამაზი, ცოცხალი , ბუნებით ნიჭიერი და ჭკვიანია , ტანით მთელი და სტუმართმოყვარე ხალხია , ამასთან ახირებული, ამაყი და თავმოყვარე, გალახვას, სანამ სული უდგია, ვერ მოინელებს. ამ შემთხვევაში ქობულეთელ კაცის სიკვდილი დიდ საქმედ არ მიაჩნია, მაგრამ თუკი კაცურად მოეპყრობი, იმ შემთხვევაში ის შენი ერთგული ძმა არის უკანასკნელი სისხლის წვეთამდის. დიდად საიმედო მეგობრობა იცის ქობულეთელმა და ამასთანავე საშინელი მტრობაც.

        თუ ოჯახში შეხვალ, მისვლისთანავე წარმოგიდგება მხიარული სახე. შენ აქ დარწმუნდები რომ ხალხი ეკონომიკურად გაჭირველი არ ყოფილა. ნებისმიერი რეგიონის ოჯახისათვის სისხლხორცეულად დამახასიათებელია სტუმართმოყვარეობა, ამიტომაც ამ წერილის ავტორის მოსაზრება ,, ქობულეთლები ეკონომიკურად გაჭირვებულები არ ყოფილანო“ მცდარია მაშინ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ მაგრამ სტუმართან ბოლო ლუკმასაც გამოიტანდნენ. ქართველები ხომ ამით მთელს მსოფლიოში ცნობილნი არიან. ერთხელ, მახსოვს ოცი წლის წინათ მე და მამაჩემი მანქნით ქ. სამტრედიაში მივდიოდით. სოფელ სუფსასთან მანქანა გაგვიფუჭდა, ღამის პირველ საათზე ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჩვენთან და შინ მიგვიპატიჟა. ჩვენ მივიღეთ მისი მიპატიჟება სხვა რა გზა გვქონდა. სამასი მეტრის გავლის შემდეგ მივედით ერთ პატარა ეზოში, სადაც ხის ბოძებზე შემომდგარი იყო პატარა ღარიბული პიცრული ოდა. მასპინძელმა გააღვიძა მეუღლე და დედამისი. ერთ საათში მშვენიერი სუფრა გააწყვეს, ასევე დილითაც. ეხლა ვფიქრობ, მათ შეიძლება სუფრაზე ოჯახის ბოლო ჭირნახული გამოიტანეს. ასეთები ვართ ჩვენ. ასეთი ხასიათი სხვა რამეებშიც რომ სხვა გვქონოდა ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდა. იმ ხანად ქობულეთში ოდნავ განათლებული კაცი სანთლით იყო საძებარი , ქართულ წერა-კითხვას მხოლოდ გულო კაიკაციშვილი ფლობდა. ამიტომაც თუ რამე დასაწერი ან წასაკითხი იყო ყოველთვის გულოს მიაკითხავდნენ ხოლმე, ამის დამადასტურებელი საბუთია ,, სასოფლო გაზეთში“ (№1, 1876 წ.) დაბეჭდილი წერილი ,, ქობულეთის საუბარი“, რომელშიც ნათქვამია: ,, ... გუშინღამ ჩვენ გორდელაძეს შინ ჩამოეტანა ქართული გაზეთი. ყველა მივედით საყურებლად, თუ რა ამბავია გაზეთში, კაი წამკითხველი ვერ ვიშოვეთ და გლახამ ვერ წაიკითხა. ზოგიერთმა ქალებმა კი იციან ქართულის წაკითხვა, მარა ქალები სახლიდან ვერ გამოვიდნენ. მერე ჩვენმა ბიჭმა ოქროპირაშვილმა თქვა, რომ ბიჭიკო გეირბინე სამებასაო და გულო კაიკაციშვილი მოიყვანეთო, იმან იცისო კაი გაზეთის წაკითხვაო. მაშინათვე გავაფრინეთ პაწაი ბიჭი და გულაი მოვიყვანეთ და ვუთხარით: ძიავ , გულავ ! აბა წაგვიკითხე აგი გაზეთი. გულომ წაიკითხა გაზეთი ყველა დავბეჩდით, ყოლიფერი ჩვენი ამბავი მართალი ქე ეწერა ძიავ გაზეთში განა ქვეყანაში რამე ამბავი დაიმალება !

        - ვაიმე ძიავ ! რავა არ დაიმალება ? ჩვენი ფუხრის საქმე დიდი ხანია დამალულია, ძიავ. ზაფთიები და ფაშები ჩვენს ფუხრობას და გასაჭირს თვალები რომ ამოიტიკნო , ძიავ მაინც არაფერს უშველიან. აბა , ძიავ, ჩვენ ყველამ თათრული რომ ვიცოდეთ რაცხას კი გავაგონებთ მაგრამ არ ვიცით. ძიავ, იცი შენ ქართველო , მართალი გითხრა ჩვენში ძიავ, ეს მართალია: მობრძანდი ძიავ- ფარა, ბუირუმ- ფარა, სალამ ალეიქუმ- ფარა, ოთურ- ფარა, ადექი -ფარა, სულ ფარა და ფარა ... ჩვენს ფარას ვინ მოგვცემს ძიავ! ფუხარა ვართ და ქე მოგვეღო ბოლო სუმთლად, ძიავ’’!

        თანდათანობით გულო კაიკაციშვილი სულ უფრო და უფრო კარგად ეუფლებოდა ქართულ წერა-კითხვას და პარალელურად მის მიერ გამოქვეყნებული წერილებიც უფრო შინაარსიანი ხდებოდა. ფაქტობრივად იმ პერიოდისათვის გულო კაიკაციშვილი ქობულეთის ჟამთაღმწერად გვევლინება.
თვით გულო კაიკაციშვილმა სკოლის მშენებლობისათვის შეისყიდა თავდგირიძეების ვრცელი მიწის ნაკვეთი, ღირებული 500 მანეთად. ამ ამბავმა დიდად წაახალისა ხალხი, ისინი აქტიურად ჩაებნენ სკოლის მშენებლობაში, მოჰქონდათ სამშენებლო მასალა: ხე-ტყე, კირი და ქვა. აღნიშნული სკოლა დღეისათვის დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთლის სახელობისაა და ტრადიციულად ერთ-ერთ მოწინავე სკოლად ითვლება ქობულეთის რაიონში.

        შეკრებაზე დაისვა ქართული ენის სწავლების საკითხი. გამომსვლელები აღნიშნავდნენ: რადგან ჩვენ ქართველები ვართ, ამიტომაც ვითხოვთ სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდნენ ყმაწვილებსო.

        ქობულეთის სკოლის საძირკველი 1890 წლის აგვისტოში ჩაეყარა.

        გულო კაიკაციშვილმა და დედე ნიჟარაძემ, პირველმა აჭარელთა შორის, თავიანთი შვილები, ასლანი და რეჯები მიაბარეს სასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ორთავენი ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში. გულო ხარობდა შვილის წარმატებებით, მაგრამ წუთისოფელი მუხანათია და წინასწარ ვერ განსაზღვრავ თუ როდის გიმუხთლებს. ალბათ ყველა კაცის ბედი დაბადებიდანვე განსაზღვრულია. ასეთ უბედურ ბედზე დაიბადა გულოს ვაჟიშვილი ასლანი, რომელიც უდროოდ გარდაიცვალა ოდესაში. მის გარდაცვალების გულისტკივილით გამოეხმაურა გაზეთი „ ივერია“ (№ 38, 1898 წ ). „ 3 იანვარს დილის 8 საათზედ აქ მოასვენეს გვამი მიცვალებულის სტუდენტის ასლან კაიკაციშვილისა რომელიც ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჯერ ბათუმის ნავსადგურში მიეგება აუარებელი ხალხი, აქ ხომ მთლად ჩურუქ-სუს საზოგადოების ხალხი გამოვიდა გარეთ და მწუხარებით იგლოვა ის, რომლისგანაც ყოველი მათგანი, მძიმე ტვირთის შემსუბუქებას მოელოდა. დიდად მწუხარე განსვენებულის მამა გულო-აღა კაიკაციშვილი ამბობდა: მინდოდა დამემტკიცებინა აქაური მაჰმადიანებისთვის თუ რა არის სწავლა-განათლება. მაგრამ დახე ჩემს ბედს, ბედნიერი ვიყავ და სხვებიც მინდოდა გამებედნიერებინა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მხიარულის გულით ჩურუქ-სუში დაარსებულ სასწავლებელს 1200 მანეთი შევწირე გამოვიწერე 80 ქართული წიგნი და დავარიგე ქართველ მაჰმადიანთა შორის, მაგრამ ეხლა ჩემმა მწუხარებამ ნეტა რაღაზედ-ღა მაფიქრებინოსო.

        ქობულეთის რაიონის სოფლები მცხოვრებლებისაგან თითქმის დაიცალა, ალბათ უარეს დღეშიც ჩავარდებოდა, თუ არა ხუსეინ ბეჟანიძის, გულო კაიკაციშვილისა და დედე ნიჟარაძის მცდელობა, რათა როგორმე შეეჩერებინათ ქობულეთისა და ჩაქვის მცხოვრებთა მიგრაცია. მუჰაჯირობასთან დაკავშირებით აქვე წარმოგიდგენთ შემოკლებით კორესპოდენციას რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ,,ივერიაში“ (№171, 1891) და „დროებაში“ (№60, 1991 წ.): „ ამ დღეებში ოსმალეთიდან აქაურს მაჰმადიან ქართველებს ამბავი მოუვიდათ, რომ ახალ ათონში მცხოვრები გამოჩენილი ქართველი ხემპერ აღა ფაშიოღლი (ჩივაძე) გარდაიცვალაო. ფაშიოღლი ოსმლეთის სამსახურში მსახურობდა, საშინელი ფანატიკოსი ყოფილა, ისეთივე, როგორიც იყო ალი ფაშა თავდგირიძე. ისინი ასახლებდნენ ქართველ მაჰმადიანებს საქართველოდან და ოსმალეთში გადაჰყავდათ.
        
გულო კაიკაციშვილის ცნობიერებაში განსხვავებული იყო რაფიელ ერისთავის სიტყვები: „ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“. და ამიტომაც ის ყველა საშუალებეით იბრძოდა, რათა დროულად შეჩერებულიყო მუჰაჯირობა. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხში მუჰაჯირობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა.
თავისი პოზიციები რომ გაემაგრებინა პრესითაც მიმართავდა საზოგადოებას. ამის საუკეთესო მაგალითია მის მიერ გამოქვეყნებული წერილი გაზეთ „ივერიაში“ (№32, 1878 წ). წერილის შინაარს გადმოგცემთ შემოკლებით : „ შეიძლება ეს ჩემი წერილი მიიღოთ და გაზეთში ჩაწეროთ ადრე, რავაც სული გვიწუხს, ისე გვეჩქარება, ეგება დიდი კაცი წაიკითხავს და ყურადღებასმიაქცევს.

        ჩვენ ქობულეთის ხალხი შეწუხებული ვართ იმიტომ, რომ ზოგიერთი მცხოვრები ახლა ემშვიდობება თავის ქვეყანას. დერვიშ-ფაშამ გამოგვიცხადა, რომ რუსეთს დარჩაო ქობულეთი და ბათუმიო, თქვენ წამოდითო ჩვენი ხარჯითო. მიდის ზოგიერთი პირები.
წამსვლელები ურჩევენ დარჩენას, წამოდითო. ადუღებული არიან. გაგვიგონია, რომ ასი წლის წინათ ჩვენი ბატონი თავდგირიძის გარდა გურიელი იყო და ამიტომაც კარგი იქნებოდა გამოგვიგზავნიდეთ თავად ლევან გურიელს და ძმასა მისსა გრიგოლ გურიელს და ნუგეშს გვეტყოდეს, რადგან ძველი ნაბატონები არის. ჩვენი დავუჯერებთ იმასა, ღმერთმა ქნას უფროსად გრიგოლი დაგვენიშნებოდეს“.

        ეს წერილი გულის სიღრმიდან ამოხეთქილი მწუხარე, ცრემლიანი ღაღადისია. გულო კაიკაციშვილი ევედრებამთელს საქართველოს თანადგომას, რათა ძირძველი მესხეთის 
მიწა-წყალი არ დაცარიელდეს ქართველთა მოდგმისაგან.

        მისი შიში უფრო ძლიერდებოდა, როცა დაცარიელებულ ოჯახებს უცხო ერის წარმომადგენელნი ეპატრონებოდნენ. ამ გულისტკივილს გულო კაიკაციშვილი გამოხატავდა ,, ივერიაში“ გამოქვეყნებულ სხვა კორესპონდენციაში (№31, 1878 წ.), რომელშიც ნათქვამია : ,,ამას წინათ წავიკითხე თქვენ გაზეთში ამბავი ჩვენი ქვეყნის სასარგებლო და ისე ჰგავს, თქვენ ჩვენი ხალხის წყალობელი უნდა იყოთ. თბილისის სომხებს უფიქრიათ ჩვენ ქვეყანაში ადგილის, მიწის და მამულის შეძენა. ნეტაი რა შეიტყვეს, ჩვენ თუ რუსებს დავრჩით, ჩვენი ქვეყნიდან ხომ არ გაგვდევნის! ჩვენს თავზედ ქვეყანა ხომ არ იქცევა, რომ ჩვენი სახელი და გვარი მოისპოს და სომხებს დარჩეს ჩვენი ადგილი და მამული.

        ძიავ მეგაზეთევ! ჩვენი მომხრე ხარ და გაზეთში განცხადება მიეცი, ღმერთი გვიშველის, ისთე არ დავყრით ჩვენ ქვეყანას, რომ ქალაქის სომხებმა იშოვნონ, ჩაიგდონ ხელში და მოგება ქნან. ისთე ღმერთი არ წაგვახდენს, განათლება და კაცობა არ მივიღოთ და ჩვენ არ მოვიხმაროთ ჩვენი ადგილი-მამული.

        აქ თუ რამეა, ჩვენ გვინდა. ჩვენი პაწაი უსამართლოდ დაცემული ვართ, ახლა კი მოველით სამართალს და კაი ცხოვრებას. ჩვენი ხალხის ყოფა-ცხოვრება ასეთია, რომ ორს ამბავს ვერ ეიტანს, ყრალს ლანძღვას,  გაუპატიურებას და ერთი მიწა-მამულის შევაჭრებას და წართმევას."

        ქართულ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სისტემატიურად იბეჭდებოდა მოწოდებები ქართველი ერისადმი, რათა მაქსიმალურად დახმარებოდნენ აჭარელ ძმებს. და მართლაც, მოწოდებებმა აათრთოლა ქართველი ერის გრძნობები, რამაც განაპირობა პრაქტიკული და მორალური მხარდაჭერა საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

გულო-აღა კაიკაციშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий